ისტორია

ქართველები ჰაერნაოსნობის სათავეებთან იდგნენ ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით! ეს ისტორიული ფაქტია!

1783 წლის ნოემბერში, როდესაც პარიზისა და ტიულრის მაცხოვრებლები აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს პირველი საჰაერო ბურთების ფრენას, ფრანგების მრავალათასიან ტალღაში ერთი ქართველიც ერია. საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში დაცულია მისი “სიტყვა საჰაერო ფრენებზე”. ეს არის მიმართვა ერეკლე მეფისადმი. ჩვენი თანამემამულე დაწვრილებით აღწერს ამ ფრენებს და მონათხრობს მაღალი გემოვნებით შესრულებული სურათებითაც აფორმებს. არსებობს მონაცემები, რომ მეფე ერეკლემ დიდი ინტერესით მიიღო მის სახელზე გაგზავნილი უსტარი და წიგნი მეფის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა.
ჰაერნაოსნობა უშუალოდ საქართველოში მხოლოდ 90 წლის შემდეგ გამოჩნდა. ამ ფაქტის შესახებ პირველ ცნობებს 1874 წელს ტფილისის გაზეთის “კავკაზის” ფურცლებზე (#60) ვხვდებით, საიდანაც ვიგებთ: “კოლონიაში, მონ-პლეზირის ბაღში, 26 მაისსა, აუშვებენ საჰაერო ბურთსა ადამიანით, ზუსტათ 6 საათზედ.”

სამწუხაროდ, გაზეთი არაფერს ამბობს იმაზე, თუ ვინ იყო ეს გამბედავი პიროვნება და რა სახის ფრენას ასრულებდა - საბამით თუ თავისუფალს.
ამიტომაც, ითვლება, რომ საქართველოში პირველი თავისუფალი ფრენა საჰაერო ბურთით განახორციელა ფრანგმა მფრინავმა კავალერმა ბედემ. ეს ფაქტი დაფიქსირდა ადგილობრივი პრესით. 1882 წლის 10 ნოემბერს ბედე ჰაერში მონგოლფერით მუშთაიდის ტერიტორიიდან აიჭრა, მიაღწია სიმაღლეს 200-300 მ და შორიახლოს დაეშვა. ფრანგმა ტფილისში რამოდენიმე ეგზოტიკური აფრენა შეასრულა; ამასთან, სიმაღლეზე ასვლისას იარაღით ისროდა.

10 წლის შემდეგ საქართველოს ესტუმრა ჰაერნაოსანი ოგიუსტ გორდონი. იგი ჰაერში აბრეშუმის საჰაერო ბურთით იუნკრების მოედნიდან (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი) აფრინდა. ფრენისას ტრაპეციაზე იჯდა, რომელიც ბურთს გონდოლის ნაცვლად ჰქონდა მიბმული. ჰაერში ოგიუსტი აკრობატულ ილეთებს ასრულებდა, შემდეგ კი პარაშუტით ხტებოდა. ეს განსაკუთრებით მამაცი მფრინავი იყო.
1889 წელს ტიფლისში გარკვეული დროით დაფუძნდნენ ჰაერნაოსნობის ცნობილი რუსი ოსტატები, და-ძმა დრევნიცკები. მათ მამაცური ფრენების მთელი სერია შეასრულეს. ისინი ბურთით დაახლოებით 450 მეტრ სიმაღლეზე ადიოდნენ და მიწაზე პარაშუტით ეშვებოდნენ. დაშვებისას ტანვარჯიშის ილეთებს ასრულებდნენ, რითაც აღტაცებაში მოჰყავდათ იქ მყოფი პუბლიკა.

1908 წელს საქართველოში მფრინავ ტაილორის ოჯახი ჩამოვიდა. სპორტსმენებმა ტურნე ბათუმიდან დაიწყეს, შემდეგ ქუთაისში გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ისინი ფრენებს 1910 წლამდე ასრულებდნენ.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჰაერნაოსნობის ისტორია ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი ხნით წყდება.

ჰაერნაოსნობის თანამედროვე ეტაპი საქართველოში 2005 წელს “სკაი ტრეველ”- ის შექმნით დაიწყო. შემდეგ კი, წლის ბოლომდე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

საქართველოში თანამედროვე ჰაერნაოსნობის ეტაპი 2005 წელს "სკაი ტრეველ" - ის დაარსებით დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "სკაი ტრეველ" - ს მიანიჭა ავიაკომპანიის სტატუსი და გადასცა საჰაერო ჰომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი.